"გასულ კვირას Microsoft-ის ინჟინერი, Kinect-ისა და HoloLens-ის გამომგონებელი ალექს კიპმანი ჩემს ოთახში გაჩნდა", — ყვება The Verge-ს ჟურნალისტი. ერთი შეხედვით, ეს სრული სიგიჟეა, თუმცა Microsoft-ის ახალი Mesh პლატფორმის საშუალებით, უკვე ყველაფერი შესაძლებელია. ეს Microsoft-ის ხედვით, შერეული რეალობის მომავლის პროდუქტია და იგი Microsoft Teams-ის მომავალს მოგვაგონებს.

Mesh ერთობლივი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ ვირტუალური გამოცდილებები სხვადასხვა მოწყობილობაზე.

"ამ პლატფორმის გამოყენებისას თავს ისე გრძნობ, თითქოს რეალურად იმ ადამიანთან ერთად იმყოფები, რომელიც შენთან ერთად იზიარებს შინაარსს. გარდა ამისა, შესაძლებელია ტელეპორტაცია სხვა შერეული რეალობის მოწყობილობებიდანაც", — განმარტავს კიპმანი.

თავდაპირველად, Mesh ადამიანებს Altspace VR სოციალური ქსელიდან აღებული ვირტუალური ავატარების სახით წარმოადგენს, რომელიც Microsoft-მა 2017 წელს შეიძინა. საბოლოოდ კი ეს პლატფორმა ეგრედ წოდებულ "ჰოლოპორტაციას" გამოიყენებს, რაც ადამიანებს ვირტუალურ რეალობაში გამოჩენის საშუალებას მისცემს.

ფოტო: The Verge

თუმცა, სავარაუდოდ, Mesh მომავლის პროდუქტს წარმოადგენს და მის ხილვას მალე ვერ შევძლებთ.

"შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მომავალი Microsoft Teams Mesh-ის მხარდაჭერით, სადაც კოლეგები მთელი სამყაროდან შეიკრიბებიან ისე, თითქოს ფიზიკურად ერთად არიან. Mesh-ის გამოყენებით Teams საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, მოწყონ შეხვედრები თანამშრომლებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე იმყოფებიან", — აღნიშნავს კიპმანი.

ფოტო: cdn.vox-cdn.com

Microsoft იმედოვნებს, რომ არქიტექტორები, ინჟინრები და დიზაინერები გააცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პლატფორმა, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს, როდესაც 3D ფიზიკურ მოდელებზე ერთად მუშაობა საკმაოდ რთულია ადამიანებისთვის, როდესაც ისინი ერთსა და იმავე ოთახში არ იმყოფებიან.

Microsoft Mesh ხელმისაწვდომი იქნება არაერთ მოწყობილობაზე, მათ შორის HoloLens 2-ზე, ტაბლეტებზე, სმარტფონებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე. კომპანია გეგმავს, რომ მომავალში მოახდინოს Mesh-ის ინტეგრაცია Teams-თან და Dynamics 365-თან, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ უნიკალური გამოცდილება ვირტუალური შეხვედრების მიმართულებით.

ყველაზე მთავარი რამ, რაც აღნიშნულ პლატფორმას აბრკოლებს, არის HoloLens მოწყობილობებისა და VR სეტების ღირებულება. სმარტფონები და პერსონალური კომპიუტერები ოდნავადაც არაა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც ჰედსეტი. Microsoft-მა გასულ წლებში ამ სხვაობის შევსება სცადა ისეთი ამბიციური პროექტებით, როგორებიცაა Minecraft Earth, რაც მომხმარებელს სთავაზობს AR გამოცდილებას სმარტფონზე. ეს პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა და ჯერჯერობით გაუგებარია, Microsoft Mesh მიიზიდავს თუ არა მომხმარებლებს.

პლატფორმის განხორციელებისთვის საჭირო იქნება ძლიერი მხარდაჭერა დეველოპმენტის კუთხით და ისეთი გამოცდილების შეთავაზება მომხმარებლისთვის, რომელსაც ისინი სხვაგან ვერსად მიიღებენ. Microsoft-მა პროექტისთვის უკვე დაიქირავა კინორეჟისორი ჯეიმს კამერონი, Pokémon Go-ს შემქმნელი კომპანია Niantic და Cirque du Soleil-ის თანადამფუძნებელი.