პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, Freedom House-ს დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომები შეინიშნება.

"რამდენადაც გავეცანი თვითონ დასკვნას, იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა და უზუსტობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, საბოლოო შეფასებებზე, რომელიც გაკეთებულია დასკვნაში. მე არ ვიცი რომელ ინფორმაციას და რა ინფორმაციას ეყრდნობა ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია, რომლის დასკვნაზეც საუბრობთ, მაგრამ იქ არის აშკარად ფაქტობრივი შეუსაბამობები. არაერთია, მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაშიც და გადათვლასთან მიმართებაშიც, მე ვფიქრობ, ცოტა ტენდენციურად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომელსაც საბოლოო შემაჯამებელი დასკვნა ეყრდნობა, ამიტომ მე ვერ გავიზიარებ შეფასებას, რომ ეს არჩევნები რაიმე თვალსაზრისით პრობლემატურია. თუ არის, ამის დასაბუთებისთვის ყველა შესაძლებლობა აქვთ ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციას მიცემული", — აცხადებს სარჯველაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თავისუფლება მსოფლიოში 2021 თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალია. ორგანიზაციამ 100 ქულიდან საქართველოს 60 მიანიჭა, რაც წინა წელთან შედარებით ერთით ნაკლებია.