ცხოველთა სამყაროს არაერთი წარმომადგენელი იკატუნებს თავს და მკვდრის როლს თამაშობს, რათა მტაცებლებს დააღწიოს თავი. ისინი უბრალოდ შეშდებიან და გარკვეული დროის მანძილზე, უმოძრაოდ რჩებიან, როდესაც საფრთხეში გრძნობენ თავს.

ჩარლზ დარვინი აკვირდებოდა ხოჭოს, რომელიც 23 წუთის მანძილზე უძრავად იყო, ბრისტოლის უნივერსიტეტში კი გადაიღო ლომჭიანჭველასებრი ლარვა, რომელიც მთელი 61 წუთის მანძილზე იკატუნებდა თავს. გარდა ამისა, დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა, რომლის დროსაც ობიექტი გაშეშებულია, არაპგორნოზირებადია. ეს ნიშნავს, რომ მტაცებელი წინასწარ ვერ მიხვდება, თუ როდის შეწყვეტს ამ თამაშს მსხვერპლი, როდის დაიწყებს ნორმალური, გემრიელი ცოცხალი არსებასავით მოქცევას და როდის იქცევა საკვებად.

როდესაც მტაცებელს შია, იგი განუსაზღვრელად დიდი დროით ვერ დაუწყებს მსხვერპლს ლოდინს, თუმცა არც ეს უკანასკნელია მთლად სახარბიელო მდგომარეობაში. ეს დამალობანას ჰგავს, თუმცა თამაში მაშინაა ყველაზე ხელსაყრელი, როდესაც მონადირეს სხვა მსხვერპლიც ჰყავს მისახედი.

კვლევა, რომელიც გუშინ სამეცნიერო ჟურნალ Biology Letters-ში გამოქვეყნდა, აღნიშნული თამაშის უპირატესობებზე მსჯელობს მაშინ, როდესაც მტაცებელი მსხვერპლი სახეობის პატარა პოპულაციებს სტუმრობს. მკვლევრებმა გამოიყენეს კომპიუტერული სიმულაციები, რომელიც მარგინალური ღირებულების თეორემაზეა დაფუძნებული.

"წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ბაღში, რომელიც სავსეა რომელიმე ერთნაირი, რბილი და გემრიელი ხილის ბუჩქებით. მიდიხართ ერთ ბუჩქთან. თავდაპირველად, ხილის შეგროვება და მირთმევა სწრაფად და მარტივად ხდება. შემდეგ კი, რაც მეტ ხილს მოაგროვებთ, მით უფრო რთულდება ამ ბუჩქზე ხილის პოვნა. გარკვეულ ეტაპზე ახალ ბუჩქთან გადასვლა და ამ პროცესის თავიდან დაწყება უნდა გადაწყვიტოთ. ამ დროს ძალიან ხარბი ხართ და ცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ხილი შეჭამოთ, და რაც შეიძლება სწრაფად. თქვენი ქცევის საფუძველზე კი, აღნიშნული თეორემა გვეტყვის, თუ რამდენად დიდ ხანს ჩერდებით ერთ ბუჩქთან და გადადიხართ შემდეგ ბუჩქზე", — ამბობს კვლევის თანაავტორი და ბრისტოლის უნივერსიტეტის ბიოლოგიური მეცნიერებების პროფესორი, ნაიჯელ ფრენკსი.

"ამავე მიდგომას ვიყენებთ შემდეგი მაგალითის განხილვისას — პატარა ფრინველი სტუმრობს ლომჭიანჭველასებრთა ბუდეს, რომელთა ლარვები შეშდებიან, მკვდრის როლის თამაშს იწყებენ და მტაცებელს უბიძგებენ, რომ სხვაგან ეძებოს საჭმელი", — დაამატა მან.

"სცენაზე ილუზიონისტები, ხალხის ყურადღებას სადმე სხვაგან მიმართავენ, რათა მაყურებელმა მათი საიდუმლო ხრიკები ვერ დაინახონ, რასაც ფოკუსების შესასრულებლად იყენებენ. მსგავსად ამისა, ლომჭიანჭველასებრთა ლარვები მკვდრის როლს თამაშობენ იმისთვის, რომ ამ დროს მტაცებელმა სხვაგან გაიხედოს. ეს თამაში, როგორც ჩანს, გადარჩენისთვის საკმაოდ ეფექტიანი გზაა", — აღნიშნავს პროფესორი ფრენკსი.