ესთეტიკის მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ კარგად ნაცნობ ქუჩებზე სეირნობის, უცხო ქალაქებსა თუ სოფლებში მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ძველი და ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენაა. ეს ადგილები თანამედროვეობაში გახსნილ დროის პორტალებს ჰგავს, რომლებსაც წარსულში გადავყავართ.

მსგავსი ადგილების აღმოჩენა Geo Stalk-ის ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ. Geo Stalk საქართველოს მიტოვებული და ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენითაა დაკავებული და ურბანული ტურიზმის განვითარებას ემსახურება. აღნიშნული პროექტი 2016 წელს დაიწყო და ლაშქრობისა და ისტორიული ადგილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. Geo Stalk საინტერესო ურბანული ობიექტების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ფოტოებითა და ვიდეოებით აწვდის.

Geo Stalk-ის მოგზაურობებიდან 10 საინტერესო ადგილი შევარჩიე, რომელიც, ვფიქრობ, ესთეტიკის ყველა მოტრფიალემ უნდა აღმოაჩინოს:

1. კინოთეატრი აპოლო

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

კინოთეატრი აპოლო თბილისში, დავით აღმაშენებლის N135-ზე მდებარეობს. იგი 1909 წელს გაიხსნა და თბილისში არტ-ნუვოს სტილის ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითია. საბჭოთა პერიოდში მას "ოქტომბერი" ეწოდებოდა, თუმცა 1990 წლიდან მას ძველი სახელწოდება დაუბრუნდა. შენობა ჯადოსნურ დარბაზს ჰგავს, რომელშიც ოდესღაც ზღაპრული მეჯლისები ეწყობოდა.

2. ბომბდამშენი СУ-15 თერჯოლაში

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

საბრძოლო ხომალდი თერჯოლის კომისარიატის ეზოში 30 წელზე მეტია დგას. იგი თერჯოლის ყოფილმა კომისარმა, პოლკოვნიკმა ამირან კიკაბიძემ ჩამოიყვანა. საბჭოთა გამანადგურებელი გასულ საუკუნეში საბრძოლო მოქმედებებისთვის ავღანეთში გამოიყენებოდა და მისი ღირებულება 5 მილიონ საბჭოთა რუბლს შეადგენდა. პოლკოვნიკ გიორგი ლილუაშვილის ინფორმაციით, კომისარიატის ეზოში თითქმის სრული სამხედრო არსენალი იყო განლაგებული: ქვემეხები, ნაღმტყორცნები, საბრძოლო ვერტმფრენი МИ-24 (ე.წ. "კრაკადილი") და სამხედრო სადაზვერვო მანქანები, თუმცა სამუზეუმო ექსპონატად ქცეული სამხედრო ტექნიკა, СУ- 15-ის გარდა, აფხაზეთის ომში გამოიყენეს.

3. დიდგორის მემორიალური კომპლექსი

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

დიდგორის მემორიალური კომპლექსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრძოლას ეძღვნება, რომელიც 1121 წელს დიდგორის ველზე გაიმართა და "ძლევაი საკვირველს" ვუწოდებთ. მემორიალს საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს. კომპლექსის ცენტრში მონუმენტი დგას, რომელზეც ბორჯღალია გამოსახული, მის ირგვლივ კი ხმლები და სხვა ელემენტებია განლაგებული.

4. კარსანის გეოფიზიკის ობსერვატორია

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილება კარსანში 1904 წელს გაიხსნა. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება: მთავარი შენობა, დიდი და მცირე პავილიონები, საცხოვრებელი ბინები და სხვ. კარსანის გეოფიზიკის ლაბორატორია 1935 წლამდე ფუნქციონირებდა, ამის შემდეგ კი განყოფილება დუშეთში გადაიტანეს. აღსანიშნავია, რომ თვითმხილველების გადმოცემით, II მსოფლიო ომის დროს ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით, ფიზიკოსები აქ საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ, რის გამოც ხეობა მოსახლეობისგან დაცლილი იყო. ომის შემდეგ ადგილი არქეოლოგებს გადაეცათ, მოგვიანებით კი ტუბსაავადმყოფო მოეწყო. დღეს შენობა სანახევროდ დანგრეული და შიგნით შესვლა სახიფათოა. ობსერვატორია ღამე განსაკუთრებულად შთამბეჭდავია.

5. გალაკტიონ ტაბიძის N18-ში მდებარე სახლის სადარბაზო

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

თუ ლამაზი სადარბაზოები გიტაცებთ, თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის N18-ში მდებარე სახლის სადარბაზოს შესახებ შესაძლოა, უკვე იცით. შენობა 1911 წელსაა აგებული და ძმებ სეილანოვებს ეკუთვნოდათ. ეს საოცარი ადგილი სადარბაზოზე მეტად, მუზეუმს ჰგავს.

6. ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალი შოვში

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ეს სამხედრო ჰოსპიტალი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში შეჭრილ მცირე კონცხისებურ პლატოზეა აღმართული. შენობა საბჭოთა კავშირის პერიოდში, სტალინის მმართველობის დროსაა აგებული. შენობა 3 სართულისგან შედგება და მნახველებს თვალს შუშაბანდების რაოდენობით ჭრის.

7. პიონერთა ქალაქი ცისკარი

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ბანაკი ცისკარი ცხვარიჭამიასა და თეზამის დასახლებებს შორისაა მოქცეული. ბანაკის ტერიტორიაზე ყველაზე გამორჩეული ავტობუსის გაჩერება, სასადილო, მრავალსართულიანი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობებია. მნახველის ყურადღებას განსაკუთრებით ულამაზესი საბჭოთა მოზაიკები მიიქცევს.

8. ვაგონის ხიდი

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ახალქალაქთან ახლოს მნახველებს საკმაოდ საინტერესო სანახაობა ელით: მდინარეზე ვაგონის ხიდია გადებული. ადგილობრივების მიხედვით, მისი მშენებლობა 70-იან წლებში დაიწყო. ამჟამად ვაგონის ძირი დაჟანგულია და მასზე გავლა სახიფათოა. ორი ნაპირის დამაკავშირებელი ვაგონი ნამდვილი "ბეწვის ხიდია".

9. სანატორიუმი ივერია წყალტუბოში

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

წყალტუბოში სანატორიუმების მშენებლობა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. მათ შორის იყო ივერიაც, რომელიც 1962 წელს გაიხსნა. სანატორიუმი ნამდვილად ზღაპრულ ადგილს ჰგავს, რომლის ნახვისგან მიღებული შთაბეჭდილებები თქვენს მეხსიერებაში, ალბათ, სამუდამოდ დარჩება.

10. მიტოვებული სახლი რიყეზე

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ფოტო: Geo Stalk

ეს ოთხსართულიანი სახლი ქალაქის გულში გაჩენილი დროის პორტალია. დღეს სახლი ავარიულ მდგომარეობაში. მის ქვედა სართულზე საცურაო აუზი და საუნა იყო მოწყობილი, ზედა სართულს კი აივნები ამშვენებს. ამ აივნებიდან დედაქალაქის ლამაზი ხედი იშლება და წარსული აწმყოს ერწყმის.

იქიდან გამომდინარე, რომ Geo Stalk-ის პროექტი არაკომერციულია და შეზღუდული რესურსები აქვს, კონკრეტულ ადგილებამდე მისაღწევად და აღჭურვილობის საყიდლად კი ფინანსები მნიშვნელოვანია, პროექტის დახმარება ნებისმიერ მსურველს შემოწირულობის გაღებით შეუძლია. თანხის გადარიცხვა ანგარიშზე: GE30TB7389445064300012 დანიშნულებაში GEOSTALK-ის მითითებით შეგიძლიათ.