გასულ კვირას ნიგერიაში 300-მდე გატაცებული სკოლის მოსწავლე გათავისუფლებულია. როგორც AP წერს, ლურჯ ჰიჯაბებში გამოწყობილი გოგოები ზამფარას შტატის მთავრობის ადმინისტრაციაში მიიყვანეს. სახლში დაბრუნებამდე ისინი სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

თავდაპირველად ნიგერიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გატაცებული იყო 300-ზე მეტი მოსწავლე. თუმცა უკვე სამშაბათს, 2 მარტს ზამფარას შტატის გუბერნატორმა თქვა, რომ ქალაქ დანგებეს სკოლიდან 279 გოგო გაიტაცეს.

როგორც ცნობილია, გატაცების უკან დგანან შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც ზამფარაში გატაცებებს ფულისთვის ან ციხიდან თავიანთი წევრების გათავისუფლებისთვის იყენებენ.

ოფიციალური პირები არ ამბობენ, მისცეს თუ არა შეიარაღებულ დაჯგუფებას გამოსასყიდი.

"პარასკევიდან მოყოლებული გამტაცებლებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ორშაბათს შეთანხმებას მივაღწიეთ", — განაცხადა გუბერნატორმა და დაამატა, რომ სკოლებში უსაფრთხოება გაძლიერებული იქნება.

ფოტო: AP

"ღამით გვეძინა, როცა მოულოდნელად სროლა გავიგეთ. დაუსრულებლად ისროდნენ. საწოლიდან ავდექით და ხალხმა გვითხრა, რომ უნდა გავქცეულიყავით, რადგან ისინი ქურდები არიან", — უთხრა AP-ს ერთ-ერთმა გატაცებულმა გოგომ.

მისივე თქმით, გამტაცებლებმა საბოლოოდ ისინი იპოვეს და მათ თავებთან იარაღი მიაბჯინეს.

"მართლა მეშინოდა, რომ მესროდნენ".

ფოტო: AP

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნიგერიაში რამდენიმე მსგავსი გატაცება მოხდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია 2014 წლის შემთხვევა, როცა ჯიჰადისტებმა ბოკო ჰარამიდან 276 მოსწავლე გაიტაცეს. 100-ზე მეტი გოგო ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.