საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების მხარედ არ განიხილავს. ამის მიზეზად მან ოპოზიციის ხელწერა დაასახელა, რომელიც, მისივე შეფასებით, აგრესიულია და უსაფუძვლო განცხადებებს ეფუძნება.

გია ვოლსკიმ ეს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შეფასების შემდეგ თქვა.

"რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მე მგონია, რომ დაბალანსებულია განცხადება. რასაკვირველია, ორივე მხარეს თავისი არგუმენტი ექნება, მაგრამ, მე არ განვიხილავ ჩვენ ოპონენტებს მოლაპარაკების მხარედ, ვინაიდან, სხვა ხელწერა, თუ არა პიკეტირება, თუ არა აგრესიული დამოკიდებულება, თუ არა უსაფუძვლო განცხადებები, არ გააჩნიათ", — აცხადებს ვოლსკი.

სალომე ზურაბიშვილმა 2 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობა კარგად არ არის გააზრებული.

1-ელ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან და ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების 6-პუნქტიან გეგმაზე. შეხვედრას არ ესწრებოდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი პიკეტები და აქციები არ გაუქმებულა. პარლამენტის პიკეტირებისას პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციამ არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და "ჰალსტუხიანი შეხვედრის" პარლამენტთან "რუსეთების ძახილით" მივიდა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. მან თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის სულისკვეთებას. საპასუხოდ, ოპოზიციამ ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა გააკრიტიკა.