იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. მისი თქმით, დარღვევების გზით მოსამართლეები არ უნდა ინიშნებოდნენ.

"კანონით არის დადგენილი ვადები, როდესაც უნდა დაიწყოს კანდიდატების მოსმენა. მეორე და მესამე კონკურსის დროს ეს ვადები არ ყოფილა დაცული და გასაუბრება დღემდე არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ ის იანვარში და თებერვალში უნდა დაწყებულიყო. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის, რომ კითხვებს აჩენს უშუალოდ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი პირველ კონკურსთან მიმართებაში, რომელმაც მიიღო არასტაბილური ხასიათი და ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს არ გაუცია", — აღნიშნავს ჯანეზაშვილი.

ის, ასევე, ამბობს, რომ დარღვევები ინტერესთა კონფლიქტსაც შეეხება.

"ეს ინტერესთა კონფლიქტი შეეხება დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც მონაწილეობს იმ კონკურსებში, სადაც ის აფასებს თავის კონკურენტებს. ეს არის ცალსახად სერიოზული პრობლემა, ჩემი აზრით და არ უნდა ჰქონდეს მას ამისი უფლებამოსილება, რომ თავისი კონკურენტები შეაფასოს. მისი ცოლის ძმა არის, რომელსაც უნდა, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მისი ბიძაშვილი, რომელიც ახალია. ეს პროცესი არ უნდა გაგრძელდეს და ქვეყანას უნდა დარჩეს შანსი, რომ უზენაეს სასამართლოში შევიდნენ ღირსეული და გამოცდილი კადრები", — განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა.

ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ყველა კონკურსის დასრულების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლო, დაახლოებით 90%-ით უვადო მოსამართლეებით იქნება დაკომპლექტებული.