ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის საქმეზე მე-4 ადამიანიც დააკავეს. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-მ მომხდარზე სამი ადამიანი უკვე დააკავა. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი 2 მარტს დააზიანეს. პარტიის პრესსამსახურის მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ დამტვრეულია მინა, კარები და ოფისის ავეჯი. ასევე, შიდა სივრცეში ჩანს დიდი ზომის ქვები. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ამ ოფისზე თავდასხმის უკვე მეხუთე შემთხვევაა.