Sistar, IU, Monsta X, Epik High — ეს ის შემსრულებლები არიან, რომლებსაც K-Pop-ის გულშემატკივრები Spotify-ზე ვეღარ მოუსმენენ. მსმენელებისდა სამწუხაროდ, ცნობილმა მუსიკალურმა პლატფორმამ ასობით K-Pop სიმღერა წაშალა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ Spotify-მ და წაშლილ სიმღერებზე ლიცენზიის მფლობელმა კომპანია Kakao M-მა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

"ის ფაქტი, რომ მათთან ახალ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ ძალიან სამწუხაროა როგორც შემსრულებლებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მსმენელებისთვის მთელი მსოფლიოდან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეფერხება დროებითია და პრობლემას მალე მოვაგვარებთ", — განაცხადა Spotify-ის წარმომადგენელმა.

აღნიშნული განცხადების მიუხედავად, Kakao M-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლიცენზიის შესახებ შეთანხმების გაგრძელებაზე უარს თავად Spotify აცხადებს.

სიმღერების წაშლამ გულშემატკივრებისა და შემსრულებლების უკმაყოფილება გამოიწვია.

"როგორც აღმოჩნდა, Kakao M-სა და Spotify-ის შორის არსებული უთანხმოების გამო ჩვენი ახალი ალბომი Epik High Is Here მსოფლიოსთვის მიუწვდომელი ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ გახდა. დამნაშავის ვინაობის მიუხედავად, ყოველთვის შემსრულებლები და გულშემატკივრები რატომ ზარალდებიან, როცა ბიზნესი ხელოვნებაზე წინ სიხარბეს აყენებს?" —წერს ჯგუფ Epik High-ის წევრი ტვიტერზე.

მიუხედავად იმისა, რომ Spotify პლატფორმაზე დღეში ათასობით სიმღერას ამატებს, ლიცენზიის მფლობელებთან შეთანხმების მიუღწევლობის ან შეწყვეტის გამო პოპულარული ჩანაწერები შესაძლოა, მოულოდნელად წაიშალოს ზუსტად ისე, როგორც ეს K-Pop-ის შემსრულებლების შემთხვევაში მოხდა.