ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

საუბარია 2019 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომელიც აქამდე საჯარო არ იყო. დოკუმენტის ნაწილი კი iFact-მა მოიპოვა და 2021 წლის 7 თებერვალს გაასაჯაროვა.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

28 თებერვალს ქუთაისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობამ და ჰესის მოწინააღმდეგეებმა კვლავ გააპროტესტეს მისი მშენებლობა. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ინვესტორი კომპანია ENKA-სთვის არაერთი გარანტია კანონის გვერდის ავლით არის მიცემული, ამასთან, ყველა შესაძლო ბიზნესრისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული. გარდა ამისა, EMC მიუთითებს, რომ კომპანია ბუნებრივ რესურსს უსასყიდლოდ ითვისებს.

EMC-ს რამდენიმე ასპექტს გამოყოფს, რომელიც მათი შეფასებით პრობლემურია.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას.

ხელშეკრულების მიხედვით: სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6,2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება.

რატომ არის პრობლემა: სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ხელშეკრულების მიხედვით: გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი-აპრილის პერიოდი) 15 წლის მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს.

რატომ არის პრობლემა: 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, გადამცემი ხაზების გაძლიერება საქართველოს ფინანსური ვალდებულებაა, ხოლო თუ სახელმწიფომ დროულად არ შეასრულა ეს ვალდებულება, კომპანიას კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ქვეყნის ბიუჯეტიდან.

EMC ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კომპანიის შეუზღუდავი უფლებები ენიჭება როგორც მიწის, ისე წყლის რესურსებზე.

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა "საჭირო მიწის ნაკვეთებიც", მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.

რატომ არის პრობლემა EMC-ს აზრით: ხელშეკრულებაში ტერმინი "საჭირო მიწა" განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამასთან, მიწის "საჭიროებას" ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართეა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. თუ "საჭირო მიწა" იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას.

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი. ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს EMC-ის შეფასებით ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცხეისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა. ასევე, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ რიონის ზედა წელის გამოყენებით საფრთხე არ შეექმნება ნამახვანის გამომუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აანაზღაურებს ყველა დანაკარგს.

რატომ არის პრობლემა EMC-ს აზრით: კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით.

ხელშეკრულების მიხედვით: მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. ასევე, მთავრობა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში.

რატომ არის პრობლემა EMC-ს აზრით: კომპანია უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. ასევე, ვარაუდობენ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე მოჭრას ხე-ტყე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, კანონმდებლობისთვის გვერდის ავლაა. როგორც EMC-ში ამბობენ, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს.

ხელშეკრულების მიხედვით: თუ კანონმდებლობაში განხორციელდება ცვლილება, რომელიც კომპანიის ეკონომიკურ ან ფინანსურ მდგომარეობაზე მოახდენს არსებითად უარყოფით გავლენას, ან შეიცვლება ელექტროენერგის სისტემის ოპერირების ან/და ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ ეს ცვლილებები აისახოს ხელშეკრულებაში (მაგალითად: ელექტროენერგიის რეალიზაციის პირობებში) ისე რომ კომპანიის ეკონომიკური და ფინანსური პოზიცია, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, შენარჩუნდეს. Შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ფისკალურ ტვირთებს მხოლოდ სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე.

რატომ არის პრობლემა EMC-ს აზრით: იმ პირობებში, როდესაც საქართველო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურად მუშაობს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე, მოსალოდნელია არსებითი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ენერგეტიკის დარგში. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, შეთანხმების ეს პუნქტი უახლოეს მომავალში სახელმწიფოსთვის მძიმე ფისკალურ ვალდებულებებს დააკისრებს.

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანია და "პროექტის მონაწილეები" უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს.

რატომ არის პრობლემა EMC-ს აზრით: მთავრობა არა მხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით "დანაკარგი", ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს.

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანია მიმართავს ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობას, რომ დასაქმებულების საშუალოდ 70/50/70/80% (დამოკიდებულია პროექტის სტადიაზე) იყოს საქართველოს მოქალაქე. ამასთან, ეს პირობა შესრულდება იმ შემთვევაში, თუ კომპანია შეძლებს საკმარისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქეების პოვნას. რომლებიც კომერციულად იმავე პირობებით იმუშავებდნენ, როგორც უცხოელები.

რატომ არის პრობლემა EMC-ს აზრით: ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დასასაქმებლად "ყველა კომერციულად გონივრულ მცდელობაზე" საუბრობს, პროცესზეა ორიენტირებული და არა შედეგზე, რაც დადგენილი პირობების გათვალისწინებით, არ გულისხმობს კომპანიის ვალდებულებას, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ნაწილში. იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან, ამიტომაც, ადგილობრივების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ე.წ. შავ სამუშაოზე დასაქმდება. შესაბამისად, თუ კომპანია იაფ და მათი შეფასებით "კვალიფიციურ" მუშახელს ადგილზე ვერ მოიძიებს, სრულებით თავისუფალია, ასეთ მუშახელად უცხოელები გამოიყენოს.

ორგანიზაცია სახელმწიფო მხრიდანდ კიდევ ერთ ვალდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, რომ ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ხელშეკრულების მიხედვით: ხელშეკრულებით გამიჯნულია ფიზიკური და არაფიზიკური (პოლიტიკური) ფორს-მაჟორული გარემოებები და მათ მიერ გამოწვეული შედეგები განსხვავებულად რეგულირდება. ფიზიკურ, იგივე არაპოლიტიკურ ფორს-მაჟორს მიეკუთვნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია და სხვა. პოლიტიკურ ფორს-მაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება ნებისმიერი საომარი მოქმედება, შეიარაღებული კონფლიქტი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო არეულობა, ბლოკადა, ემბარგო და სხვა. ასევე ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე "დანაკარგი", რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია.

რატომ არის პრობლემა EMC-ს აზრით: ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო არამხოლოდ არ თავისუფლდება პოლიტიკური ფორ-მაჟორის დროს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისგან (მაგ. ელექტრო-ენერგიის საფასურის შეუფერხებლად გადახდა), არამედ უფრო მეტიც, თუ კომპანიას ამ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული, გარემოებებით მიადგება ზიანი, მთავრობა ვალდებულია, კომპანიას ზიანიც აუნაზღაუროს. მეორე მხრივ, პოლიტიკური ფორს-მაჟორის დროს თუ კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები, ეს საპატიოდ ითვლება.