გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების ბრალდებით მე-3 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში ენმ-ს ოფისის მინები დააზიანა.

"აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა", — წერია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი 2 მარტს დააზიანეს. პარტიის პრესსამსახურის მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ დამტვრეულია მინა, კარები და ოფისის ავეჯი. ასევე, შიდა სივრცეში ჩანს დიდი ზომის ქვები. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ამ ოფისზე თავდასხმის უკვე მეხუთე შემთხვევაა.