პარტია ლიბერალებისა და დემოკრატების ალინსის პრეზიდენტი ჰანს ვან ბალეინი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი კოლეგები. აგრეთვე, ის მხარეებს საარჩევნო სისტემაზე მუშაობისკენ მუწოდებს.

ბალეინმა პირად ანგარიშზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის ამსახველი ვიდეო გადატვიტა და დაწერა, რომ მიესალმება მის ძალისხმევას საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად.

"ჩვენ მოვუწოდებთ პარტიებს, რომ განაგრძონ დიალოგი და იმუშაონ ერთად ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის", — წერს ის.

მელიას დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესაუბრა. მისი მედიაციით რამდენიმე თვის შემდეგ პირველად დაპირისპირებული მხარეები ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ და მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ.