გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს", — წერია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი 2 მარტს დააზიანეს. პარტიის პრესსამსახურის მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ დამტვრეულია მინა, კარები და ოფისის ავეჯი. ასევე, შიდა სივრცეში ჩანს დიდი ზომის ქვები. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ამ ოფისზე თავდასხმის უკვე მეხუთე შემთხვევაა.