ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ "არაფერს ამტკიცებს", მაგრამ "არც გამორიცხავს", რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმა ოპოზიციის დაგეგმილი იყოს. მისი თქმით, "საღად მოაზროვნე" არ იფიქრებს, რომ ეს ქართული ოცნების დაკვეთა იყო.

"პოზიცია არის ასეთი, როგორც მანამდე გვითქვამს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მე დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები დაადგენენ რაა და რასთან გვაქვს საქმე. ეს არ არის ჩვენი ხელწერა, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს იყო კონკრეტული ჯგუფების მიერ მოწყობილი, რომ გადაეფარათ ის უბედურება, რაც ხდებოდა პარლამენტთან და მის მისადგომებთან", — განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

კითხვაზე, ანუ ის არ გამორიცხავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი ოფისი დაამტვრია, ზარქუა პასუხობს:

"ხურჩის ტერაქტის ავტორები არიან ახლა ოპოზიციაში. ხურჩის ტერაქტი გახსოვთ? რა იყო ამის შინაარსი, როდესაც ხელისუფლება, რეჟიმი ტერაქტს უწყობდა საკუთარ მოსახლეობას. მე არაფერს გამოვრიცხავ, ახლა არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ, ეს ახლა ვინმე საღად მოაზროვნე შეიძლება იყოს, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის დაკვეთა ქართული ოცნების?"

გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს. პარტიის პრესსამსახურის მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ დამტვრეულია მინა, კარები და ოფისის ავეჯი. ასევე, შიდა სივრცეში ჩანს დიდი ზომის ქვები. პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ამ ოფისზე თავდასხმის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

მომხდართან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს ელოდება.