"რუსულ ვაქცინაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არ არის სამედიცინო საკითხი", — ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ პოლიტმეტრის წამყვანისკითხვას, შემოვა თუ არა საქართველოში რუსული ვაქცინა.

იმავე საკითხზე 2020 წლის 23 დეკემბერს იმნაძე ამბობდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ იდგა, თუმცა თუ ამ ვაქცინას WHO აღიარებდა, "რატომაც არა". ამავე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის მომხმარებელი, თუ ის მსოფლიომ აღიარა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც შეიძლება გახნდნენ.

საქართველოში დიდი ხანია შემოტანილია ვაქცინის შპრიცები, გამზადებულია სპეციალური ცივი ჯაჭვის მაცივრები, თუმცა Covid-19-ის ვაქცინა ისევ არ არის. ყოფილი პრემიერმინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ამბობდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, თუმცა ასე არ მოხდა. უწყების განმარტებით, 22 თებერვალს Covax პლატფორმიდან მიიღეს წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ Pfizer-მა დააყენა დამატებითი მოთხოვნები და სანამ ამ საკითხს არ გადაჭრიდნენ, ვაქცინის შემოტანა 2-3 კვირით გადაიდებოდა.

პირველ მარტს ინტერეპრესნიუსმა გაავრცელა Covax პლატფორმის პასუხი მათ კითხვაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნა ვაქცინის მისაღებად, სიმართლეს არ შეესაბამება და Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გაჭიანურება ფინასური გადაზღვევასთან არის დაკავშირებული.

გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ რომ ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მარტს აღარ უნდა გადაცდეს. ამ შემთხვევაში საუბარია AstraZeneca-ს ვაქცინაზე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმის მიღმა დაჯავშნილია ვაქცინის 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 000 დოზა და 1 000 000 დოზა მოსახლეობისთვის.