დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაცია უფრო სწრაფად წარიმართა, რადგან მათ უარი არ უთქვამთ ჩინურ ვაქცინაზე, საქართველოში კი "ძალიან მკაცრი კანონები ვაქცინასთან დაკავშირებით". მისი თქმით,

"სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა კიდევ, რომ იგივე არაბთა გაერთიანებული ემირატები, შეიძლება ასე არ იცით და დუბაი, რომ არის, აი, ეს არის. დუბაიში იცით რითი დაიწყო აცრები? დაიწყო ჩინური აცრებით. [...]

მთავარი დაწყება კი არ არის? მთავარი დამთავრებაა-მეთქი. ისრაელმა დაამთავრა, ემირატები დაამთავრებს ძალიან მალე. სხვათა შორის, ჩვენნაირი ქვეყნებიდან არის ჩილე, რომელსაც 17% აქვს, ჩვენნაირს ვერ ვიტყვი, ეკონომიკურად გაცილებით უფრო განვითარებულია. იმანაც სხვათა შორის, ჩინური ვაქცინებით დაიწყო აცრები. ჩვენ ველოდებით მარტო დასავლურ ვაქცინას და უნდა იყოს ყველა ვაქცინა რომელიც შემოვა, ძალიან მკაცრი წესები გვაქვს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული", — განაცხადა მან პოლიტმეტრის ეთერში.

რაც შეეხება საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხს, იმნაძე ამბობს:

"ჩინურ ვაქცინაზე ჩვენ რომ ვთქვით, დაახლოებით 2 თვის წინ, რომ მზად ვართ ქვეყანაში შემოვიტანოთ-მეთქი, რა ამბავი ატყდა გახსოვთ? ცალკე მე მატრიალებდნენ, ცალკე თენგიზ ცერცვაძეს ატრიალებდნენ, კარგით რა"

საქართველოში დიდი ხანია შემოტანილია ვაქცინის შპრიცები, გამზადებულია სპეციალური ცივი ჯაჭვის მაცივრები, თუმცა Covid-19-ის ვაქცინა ისევ არ არის. ყოფილი პრემიერმინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ამბობდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, თუმცა ასე არ მოხდა. უწყების განმარტებით, 22 თებერვალს Covax პლატფორმიდან მიიღეს წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ Pfizer-მა დააყენა დამატებითი მოთხოვნები და სანამ ამ საკითხს არ გადაჭრიდნენ, ვაქცინის შემოტანა 2-3 კვირით გადაიდებოდა.

პირველ მარტს ინტერეპრესნიუსმა გაავრცელა Covax პლატფორმის პასუხი მათ კითხვაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნა ვაქცინის მისაღებად, სიმართლეს არ შეესაბამება და Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გაჭიანურება ფინასური გადაზღვევასთან არის დაკავშირებული.

გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ რომ ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მარტს აღარ უნდა გადაცდეს. ამ შემთხვევაში საუბარია AstraZeneca-ს ვაქცინაზე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმის მიღმა დაჯავშნილია ვაქცინის 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 000 დოზა და 1 000 000 დოზა მოსახლეობისთვის.