პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ მოსწონს ის 6-პუნატიანი გეგმა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრისას განიხილეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მისი თქმით, ეს საკითხები ზოგადია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას.

"ვფიქრობთ, რომ ეს რაღაცნაირად ჰგავს ოპოზიციის კაპიტულაციას, თუ ამას მოაწერენ ხელს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ზოგადია შინაარსობრივად და ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განმარტავს თითოეულ პუნქტს ხელისუფლება", — განაცხადა ხვიჩია TV პირველის ეთერში.

ხვიჩიას თქმით, როდესაც საქმე ქართულ ოცნებასთან ურთიერთობას ეხება, საჭიროა მეტი კონკრეტიკა, რადგან მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ არიან ის ადამიანები, ვისაც ენდობიან.

"როდესაც ქართულ ოცნებასთან ურთიერთობს ეხება საქმე, მე მინდა, რომ ყველაფერი დეტალურად იყოს გაწერილი, იმიტომ, რომ ეს არ არის ის ხალხი, რომელსაც ჩვენ ვენდობით.

თუ იტყვიან ისინი, რომ მასშტაბური საარჩევნო რეფორმა, იქ აუცილებლად უნდა ეწეროს, რომ ეს არის დაბალი საარჩევნო ბარიერი, ეს არის გამჭვირვალე არჩევნები, ანუ რაღაცა მაინც უნდა იყოს. ერთი ნაბიჯით მაინც უფრო ცხადი. როგორც, მაგალითად, გვქონდა ამერიკელ და ევროპელ ფალისიტატორებთან. ის ეწერა 0-დან 3%-მდე ბარიერი", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია სთხოვს სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს, არ დაიხიონ პოზიციებიდან.

"მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ ნუ დავიხევთ იმ პოზიციებიდან, რომელიც ჩვენ გვქონდა ფასილიტატორებთან. ფასილიტატორებთან რაც ყველაზე კარგი იყო, იქ ყველაფერი გასაგები დ კონკრეტული იყო", — ამბობს ხვიჩია.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობდა. თუმცა, რამდენიმე კვირაა, რაც მმართველ გუნდი და ოპოზიცი მოსალაპარაკებლად ერთ მაგიდასთან არ დამსხდარან.

კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის ფასილიტატორობით მიმდინარე მოლაპარაკებებისას, ოპოზიცია 4 მოთხოვნას აყენებდა, რაც მოიაზრებდა ხელახალი არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმას, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არსებულ ოთხ პუნქტს დაემატა ორი ახალი პუნქტი.

გაიგეთ მეტი: