აპლიკაცია Clue-იმ, რომელიც მენსტრუალური პერიოდის კონტროლის ფუნქციონალითაა ცნობილი, მიიღო ნებართვა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან. ნებართვის შემდეგ, კომპანია შეძლებს საკუთარ აპლიკაციაში კონტრაცეპციის ფუნქცია გამოიყენოს. შედეგად, მისი მომხმარებლები სტატისტიკური მოდელირებასა და მომხმარებლის პერსონალურ რეპროდუქციულ ისტორიაზე დაყრდნობით, შეძლებენ იწინასწარმეტყველონ ის პერიოდები, როცა დაორსულების დიდი შანსი არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია სხვა აპლიკაციების ოვულაციის პერიოდებზე მინიშნებებში არ უნდა აგვერიოს. Clue-ის მიდგომა განსხვავებულია და ის დიდ მონაცემებს ეყრდნობა. ეს სტატისტიკური მეთოდი, რომელსაც Clue იყენებს, ჯორჯთაუნის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინსტიტუტში შექმნეს. ეს რამდენიმე წლის წინ იყო, დღეს კი Clue-ის ეს ფუნქცია მეორე "ციფრული კონტრაცეპტივია", რომლის გამოყენების უფლებაც FDA-იმ გასცა. პირველი მეთოდი Natural Cycles-ის სახელითაა ცნობილი და მომხმარებლებს ყოველ დილით, ტემპერატურის გაზომვას სთხოვს.

კონტრაცეპცია, ეს არის თავდაცვა არასასურველი ფეხმძიმობისგან, ხოლო როგორც Clue-ის წარმომადგენლები ამბობენ, ამ ციფრულ ხელსაწყოს 92%-იანი ეფექტიანობით შეუძლია ორსულობის პრევენცია. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აპლიკაციას არც ისე რეგულარულად იყენებს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, თუ ამ ციფრულ დამხმარეს ინტენსიურად გამოიყენებთ, ეფექტიანობის მაჩვენებელი 97%-მდე იზრდება.

ფოტო: Clue

იდეა ციფრული კონტრაცეპციის მიღმა ცნობიერების ამაღლებას ეფუძნება. ადამიანები უამრავ საშუალებას იყენებენ არასასურველი ორსულობის თავიდან ასარიდებლად, მათ შორის კი აკვირდებიან საკუთარი ციკლიდან გასულ დროს, სხეულის ტემპერატურას და ა.შ. ეს მეთოდები ეფექტიანია, თუ სწორად გამოვიყენებთ მათ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, პირადი ინტერპრეტაციების დონეზე, მათი ნდობა არ ღირს. მეორე მხრივ, ეს მაინც გამოსავალია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ჰორმონალური აბების, ან კონტრაცეპციის სხვა მეთოდების გამოყენება არ სურთ.

Clue-ის აპლიკაციამ კი შეიძლება ეს პრობლემა გადაჭრას. მისი გამოყენება მხოლოდ 18-დან 45 წლამდე ასაკის ქალებს შეეძლებათ, რომლებსაც რეგულარული ციკლი აქვთ. თუ რომელიმე მომხმარებელს ციკლი ერღვევა, ის აპლიკაციას ვეღარ გამოიყენებს.

მიუხედავად FDA-ის ნებართვისა და სამეცნიერო მიდგომისა, ციფრული კონტრაცეპციის ეს მეთოდი კითხვის ნიშნებს მაინც იწვევს, ვინაიდან მისი ფუნქციონირება მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზეა დამოკიდებული, რომლის სიზუსტეც, ყოველ ჯერზე, შეიძლება არც ისე ცალსახა იყოს.

კომპანია ფუნქციონალის ამოქმედებას მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს. Clue-ს ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება როგორც Andoid-ის, ასევე iOS-ის მომხმარებელთათვის. მხოლოდ, პირველ ეტაპზე, აშშ-ში. ხოლო მისი ალგორითმი, როგორც ამბობენ, გამოყენებასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწება და თითოეული მომხმარებლისთვის პერსონალიზებული ინფორმაციის მიწოდებას შეძლებს.