ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო აშშ რუს მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს. სანქციები 7 მაღალჩინოსანსა და 14 ორგანიზაციას შეეხება, რომელიც საწამლავის წარმოებითაა დაკავებული.

ამერიკელი ოფიციალური პირები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტომსკში ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის უკან რუსეთის მთავრობა დგას. მათივე თქმით, სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით გატარდა.

სანქციები შეეხებათ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ ბირნიკოვს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ალექსეი კრივორუჩკოსა და პავლ პოპოვს, სასჯელის აღსრულების სამსახურის უფროსს ალექსანდრ კალაშნიკოვს, გენპროკურორ იგორ კრასნოვსა და შიდა პოლიტიკის საკითხებში კრემლის სამსახურის ხელმძღვანელს ანდრეი იარინს.

კრემლში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნის საქმეზე ნებისმიერი ახალი სანქცია კიდევ უფრო დაძაბავს რთულ ურთიერთობას. საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სანქციებს უპასუხებს.

"ცალსახად გვექნება რეაგირება. არავის გაუუქმებია დიპლომატიის ერთ-ერთი წესი — ნაცვალგება", — განაცხადა ლავროვმა.

20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ოჯახის მოთხოვნით, ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკა შარიტეში წაიყვანეს. გერმანელი ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იგივე ვერსია საფრანგეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიებმა დაადასტურეს.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდართან კავშირი არ აქვთ, ნავალნის მოწამვლის ვერსიას უარყოფენ და გერმანიისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რომ ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ ნავალნი ცოლთან ერთად მოსკოვში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტშივე დააკავეს. რუსულმა სასამართლომ ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალა და 2 წლითა და რვა თვით ციხეში გაუშვა.