გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ზერტის მცხოვრები უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს დღეს გაათავისუფლებენ.

"უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი. უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უახლოეს პერიოდში მოხდება", — აცხადებენ სუს-ში.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე, გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.