ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ დაანონსებული აქციების ფორმატის შეცვლაზე იმსჯელა, რათა ხელისუფლებას არ მისცენ საბაბი, მათ მოლაპარაკების ჩაშლა დააბრალოს.

"ჩვენ მთავრობის მეთაურისგან მოვისმინეთ ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ასე რომ, კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ხელისუფლებას ამ პერიოდში, როცა არის შანსი, მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ... ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, მაგრამ ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ", — განაცხადა უდუმაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

2 მარტს პარლამენტთან ოპოზიციის აქცია გაიმართა. 26 თებერვალს გამართულ აქციაზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ 2 მარტს პარლამენტის შენობის, ხოლო 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება იგეგმება.

ოპოზიციის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, 9 მარტს აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იგეგმება, 11 მარტს სასამართლოსთან, 13 მარტს კი პარლამენტთან.

ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულ კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.