ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები მე-17 სეზონით 13 მარტს დაუბრუნდება ეკრანებს. ამის შესახებ 1 მარტს, ფორმულას ეთერში გასული ახალი სეზონის ინტროთი გახდა ცნობილი.

როგორც ინტროდან ირკვევა (და, მოგვიანებით, გადაცემაში ბაიასთანაც დადასტურდა), მე-17 სეზონში მაყურებლის საყვარელი ორი პერსონაჟი — მერაბ დარჩია და თენგო ბრუნდებიან. ისინი სერიალის მე-16 სეზონში არ მონაწილეობდნენ. სერიალში, როგორც ჩანს, მთავარი პერსონაჟის როლში ისევ მოგვევლინება თინაც, რომელიც, მართალია, სკაიპით კონტაქტობდა დაქალებთან, თუმცა, მაყურებელს მაინც მოენატრა.

საინტერესოა ისიც, როგორი ლექსიკით დაბრუნდება თენგო სერიალში. პერსონაჟი, რომელიც ჩცდ-ში ალბათ ყველაზე ხშირად იგინებოდა, კომუნიკაციების კომისიისთვის ტელეკომპანია ფორმულას დაჯარიმების საფუძველი გახდა. საჩივარი, რომელიც მაშინ კომისიამ განიხილა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს ეკუთვნოდა. მმკ სერიალის საეთერო ბადიდან ჩახსნას ითხოვდა "თითქმის ყველა სერიაში" გამოყენებული "შეურაცხმყოფელი ლექსიკისა და გინების" გამო.

სერიალის პროდიუსერებმა მაშინვე განმარტეს, რომ გინებას პერსონაჟის ხასიათი განაპირობებდა და არა "თვითმიზანი", თუმცა, საბოლოოდ, კომუნიკაციების კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მმკ-ის საჩივარი და ტელეკომპანია ჩცდ-ის დღის საათებში გაშვების გამო დააჯარიმა.

ამდენად, საინტერესოა, რა გამოსავალი იპოვეს სერიალის შემქმნელებმა შემოქმედებით პროცესში ჩარევის თავიდან ასაცილებლად. გადაცემაში ბაიასთან ჩცდ-ის სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა, ახალი სეზონიდან მცირე საიდუმლო გაამხილა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სერიალში ახალ კანონს გამოსცემს, რომლის მიხედვითაც "გინება იკრძალება".

ინტრო და ეს პატარა დეტალი ალბათ უკვე საკმარისია, რომ დიდი ინტერესით დაველოდოთ 13 მარტს ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონის დაწყებას.