რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას არ მისცემენ საბაბს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამის შესახებ მან ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სამნიძემ თქვა, ოპოზიცია აქციებს გააგრძელებს, თუმცა ფორმა შეიცვლება და არ იქნება პიკეტი და ბლოკირება.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში საბაბს არ მივცემთ ხელიისუფლებას, თუ ამ საბაბის გამოყენება უნდათ, იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შეწყდეს. ამ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. გუშინ შედგა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს და არ არსებობს წითელი ხაზები და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ბატონ პრემიერსაც, ნუ დავარღვევთ ამ სიტყვას, რომელიც ჩვენს შუამავალთან ერთად ჩვენ ერთმანეთს მივეცით", — აღნიშნა სამნიძემ.

დღეს, 2 მარტს ოპოზიციამ პარლამენტთან პიკეტირება მოაწყო. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, ეს არ იყო ბლოკირება და გადაადგილება არავისთვის შეუზღუდავთ. აქციაზე პოლიციამ 7 პირი დააკავა.

მმართველ გუნდში აქცია "დესტრუქციულ" ქმედებად შეაფასეს და ოპოზიცია პირობის დარღვევაში დაადანაშაულეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა. პირველ მარტს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, მიშელი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საერთო პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ორბელიანის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება. ხოლო პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". მან, ასევე, დაამატა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გასაღები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაშია.

შეხვედრის მიუხედავად ოპოზიციამ პიკეტებსა და აქციებზე უარი არ თქვა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულ კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გაიგეთ მეტი: