თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაუგებარია გუშინდელი საუბრის შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზაობაზე დღეს ოპოზიციისგან რადიკალიზმი და დესტრუქცია რომ მიიღეს.

"გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ მზაობაა მოლაპარაკებები წარიმართოს და დღეს მათი მხრიდან მივიღეთ ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, პირველ რიგში, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ", — განაცხადა კალაძემ.

დღეს, 2 მარტს ოპოზიციამ პარლამენტთან პიკეტირება მოაწყო. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, ეს არ იყო ბლოკირება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა. პირველ მარტს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, მიშელი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საერთო პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ორბელიანის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება. ხოლო პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". მან, ასევე, დაამატა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გასაღები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაშია.

შეხვედრის მიუხედავად ოპოზიციამ პიკეტებსა და აქციებზე უარი არ თქვა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულ კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გაიგეთ მეტი: