დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან არავითარი დაპირისპირება არა აქვს. მისი თქმით, დაპირისპირება არსებობს მხოლოდ მასსა და კორონავირუსს შორის.

"დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის მარტო. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, Sars-Cov-2, რომელიც იწვევს დაავადებას Covid-19-ს. აი, ეს დაპირისპირება არსებობს, რომელსაც მე ვებრძვი უკვე წელიწადი და ზუსტად ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯობნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ვჯაბნიდი. მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. შემდეგ, დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დამთვარდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ", — თქვა მან.

1-ელ მარტს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი განიხილება.

"ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააკორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვა, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ", — განაცხადა მან.

აღნიშნულს გამყრელიძეც გამოუეხმაურა. მან On.ge-ს უთხრა, რომ "ჩვეულ რეჟიმში მუშაობს". მედიაში, ასევე, ვრცელდებოდა ხმები ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, თუმცა ისინი ამას უარყოფენ.