ონკოლოგიის ცენტრი პაპილომა ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. 4 მარტს სამედიცინო ცენტრი ქალებს გინეკოლოგის კონსულტაციას და გინეკოლოგიურ ულტრაბგერით კვლევებს ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. №85-ში უფასოდ შესთავაზებს.

კონსულტაციების შედეგად გამოვლენილ რთულ კლინიკურ შემთხვევებს ონკოლოგიის ცენტრის ადგილობრივ გუნდთან ერთად ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების სამედიცინო ექსპერტთა საბჭო განიხილავს. კონსილიუმის ფორმატში მკურნალობის გზებს ქართველ ექიმებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები დასახავენ. კონსილიუმი დანიაში და ჰოლანდიაში მოღვაწე ონკო ბორდის წევრების ზაზა უჯმაჯურიძის და ალექსი ბაიდოშვილის ჩართულობით დაიგეგმება.

აღნიშნული აქცია ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების ექსპერტთა საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება და იმერეთის რეგიონში საშვილოსნოს ყელის გეგმიური სკრინინგის მხარდაჭერას ემსახურება, რადგან ვირუსის დროული გამოვლენა და მკურნალობის სწორი დაგეგმვა დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსახლეობის მხარდასაჭერად და მათთვის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების სამედიცინო ექსპერტთა საბჭო უფასო სამედიცინო კონსულტაციების ჩატარებას აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებშიც გეგმავს. აღნიშნულ აქციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.