დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მოლაპარაკებები აქვს, რომ დამატებით ახალი ვაქცინა Novavax-ი მიიღოს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"გუშინ Covax პლატფორმიდან მივიღეთ შემოთავაზება, რომ მეორე, ძალიან პერსპექტიული ვაქცინა, გარდა Astrazeneca-სი, ახალი ამერიკული Novavax-ი, დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება Covax პლატფორმაზე და გვეკითხებიან, მზად არის თუ არა საქართველო.

ეს არის ახალი, ინოვაციური ვაქცინა Novavax-ი, რომელსაც საქართველო მიიღებს. გარდა Covax პლატფორმისა, ჩვენ მის მწარმოებელთანაც გვაქვს პირდაპირი, პარალელური მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით", — თქვა მან.

საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზა შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.

გაიგეთ მეტი: