ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის საკვანძო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ამ წუთებში პარლამენტთან პიკეტირების აქცია მიმდინარეობს.

"ამ კრიზისიდან გამოსვლას სჭირდება მთელი წყება ნაბიჯების და ამ საკვანძო ნაბიჯების. საკვანძო ნაბიჯები არის მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება", — აღნიშნა ბოკერია On.ge-სთან.

მისივე თქმით, არის სხვა საკვანძო საკითხებიც, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმდა. მათ შორისაა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, პარლამენტის შიგნით ხელისუფლებასა და ოპოზიციის თანაფარდობა და ა.შ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა. პირველ მარტს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, მიშელი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საერთო პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ორბელიანის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება. ხოლო პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". მან, ასევე, დაამატა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გასაღები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაშია.

შეხვედრის მიუხედავად ოპოზიციამ პიკეტებსა და აქციებზე უარი არ თქვა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულ კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გაიგეთ მეტი: