ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში დევს. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და საარჩევნო რეფორმის გატარება.

"საიდუმლო არ არის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაშია. მნიშვნელოვანია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, საარჩევნო რეფორმის გატარება, თითოეული ეს თემა არის ძალიან რთული.

ასოცირების ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი და ჰქონდეს უფრო მეტი კეთილდღეობა. ჩვენ ვცდილობთ, აქტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ჩართულობა, დიალოგის მაგიდასთან მოვიტანოთ სხვადასხვა ვარიანტი, გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით და რთული სიტუაციიდან გამოსავალი მოვნახოთ. უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში აუცილებელია, ყველა პოლიტიკური მხარე მუშაობდეს ამაზე, რათა გაჩნდეს შესაძლებლობები და დავინახოთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რა პროგრესი ექნება სახელმწიფოს", — განაცხადა მიშელმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პარტიის წევრებთან. ის დღეს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოვიდა. თითქმის ერთი კვირის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.

24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.

როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებდნენ მიშელს, ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.