ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ის დღეს მიღწეული პოლიტიკური მოლაპარაკებებით ამაყია. მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს.

"დღეს მე ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხი გადაიჭრა, მაგრამ მთავარია ისაა, რომ ყველა პარტიას პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების სურვილი აქვს, იმისათვის, რომ გამოსავალი ერთად იპოვონ. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ყველა დადებითი ძალისხმევის მხარდაჭერას გავაგრძელებთ", — განაცხადა მიშელმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პარტიის წევრებთან. ის დღეს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოვიდა. თითქმის ერთი კვირის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.

24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.

როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებდნენ მიშელს, ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.