ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით გაიმართა, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

"შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ ატმოსფეროში, რეჟიმში. დღეს ჩვენ გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებსა და განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები გარკვეულ საკითხებზე, ასევე, მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული შეკითხვები და მე მათ გავეცი პასუხი. ჩვენ შევთანმხდით იმაზე, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოება პარტიის სამოქმედო გეგმას გაიგებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა. პირველ მარტს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, მიშელი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საერთო პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ორბელიანის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება.

ამავე თემაზე: