ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საოკუპაციო ხაზთან ჩასვლისა და ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს.

"დღეს მქონდა საშუალება მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან. მე ვხედავ, რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება, აბსოლუტურად მიუღებელია. გავიმეორებ, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში [...]

მინდა კიდევ ერთხელ გამოვიყენო შესაძლებლობა და ევროკავშირის მონიტორინგის მთელ გუნდს გადავუხადო მადლობა. ისინი ადგილზე არიან, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, ისინი არიან საერთაშორისო თანამეგობრობის ყური და პირი", — განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და დღეს, დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გამართული შეხვედრების შემდეგ, შარლ მიშელმა ისინი ერთობლივ შეხვედრაზე მიიწვია და განაცხადა, რომ დროა "ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე".

გაიგეთ მეტი: