საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მზადაა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრებს დაესწროს. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდნეტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საერთო ბრიფინგზე ისაუბრა.

"მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა აქვე, საჯაროდ დავადასტურო, რომ ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა.

ასევე, მინდა მზაობა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციასა და რეალური კონსტრუქციული დიალოგისთვის", — თქვა მან.

აქამდე ღარიბაშვილი გამორიცხავდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას. იგი ამბობდა, რომ არავითარი კრიზისი არ არის, "გარდა პანდემიისა, ეკონომიკისა, სიღარიბის" და ა.შ. კრიზისებისა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდებოდა. "ღმერთმა დამიფაროს, რომ [ჩვენი პოზიციები] დაუახლოვდეს მათ პოზიციებს", — თქვა ღარიბაშვილმა. პრემიერმინისტრმა მართალია სივრცე დატოვა "კონსტრუქციულად განწყობილ" ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ "კატეგორიულად" აცხადებს უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. იგი დღეს დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გამართული შეხვედრების შემდეგ, შარლ მიშელმა ისინი ერთობლივ შეხვედრაზე მიიწვია და განაცხადა, რომ დროა "ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე".

გაიგეთ მეტი: