საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, კრის სოჩა ან ინფორმაციულ ვაკუუმშია, ან ანგაჟირებულია. დეპუტატი არც იმას გამორიცხავს, რომ იგი ნაციონალური მოძრაობის ლობისტური კომპანიის ნაწილი იყოს. ასე შეაფასა ზარქუამ სოჩას განცხადება ქართული ოცნების დამფუძნებლისა და ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.

"კრის სოჩა, ფაქტია, რომ ან საინფრმაციო ვაკუუმშია, ან ანგაჟირებულია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ლობისტური კომპანიის ნაწილი იყოს და იმ კომპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დადო, ვიცით, რომელიც არის ღია, გამჭვირვალე და რომელშიც ძალიან დიდი თანხა გადაიხადა", — ამბობს ირაკლი ზარქუა.

მისი თქმით, სანქციების დაწესებაზე აქამდეც ყოფილა საუბარი, თუმცა ეს არ განხორციელდება, რადგან, ზარქუას თქმით, საქართველო ახლა ისე ახლოსაა ევროსტანდარტებთან, როგორც არასდროს.

"სანქციების შესახებ, 2013 წლიდან, გვახსოვს, ხან სახელმწიფოს უწესებენ, ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან მის ოჯახს, ხან პრემიერმინისტრს, ხან ცალკეულ მინისტრებს, თუმცა ეს, აქამდე, არ განხორციელებული და ბუნებრივია, ვერც განხორციელდებოდა. იმიტომ, რომ საქართველო როგორც არასდროს ისეა თავისი კანონმდებლობით, მისი აღსრულებით, ახლოს ევროკავშირთან და ევროსტანდარტებთან, როგორც არასდროს", — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსმა, კრის სოჩამ ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დაწესებაზე პაგრანიჩნაია ზონას ონლაინკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სანქციები, რომელსაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა განიხილავს, შეიძლება გულისხმობდეს ანგარიშების გაყინვას, ან მოგზაურობის უფლების შეზღუდვას.

გაიგეთ მეტი: