ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი, შალვა ნათელაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან არგამოშვების შემთხვევაში ხელისუფლებასთან დიალოგს გამორიცხავს.

"არავითარი მოლაპარაკება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე. მე პირადად არანაირი დიალოგის მაგიდას არ მივუჯდები, თუ ჩემი კოლეგა არ იქნება დაუყოვნებლივ ციხიდან გათავისუფლებული", — განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, საერთაშორისო სანქციები უნდა დაეკისროს.

"ჩვენი მოთხოვნა, ოპოზიციის მოთხოვნა ემთხვევა ხალხის გულის ნადებს. ახალი არჩევნები დაუყოვნებლივ, ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება. მე კიდევ დავამატებ კონკრეტულ მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ შედეგების მიუხედავად, ახალი არჩევნების მიუხედავად, პოლიტპატიმრების განთავისუფლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს დაედოს საერთაშორისო სანქციები გარდაუვლად, რათა მის მიერ მოპარული, ჩვენგან წაღებული მილიარდები დაუბრუნდეს ჩვენს ოჯახებსა და ჩვენს მომავალს", — განაცხადა ნათელაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოვიდა. თითქმის ერთი კვირის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.

24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.

როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებდნენ მიშელს, ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.