სუპერმარკეტ ფრესკოს დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე კომპანიის ფეიბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც გუშინ, 8 თებერვალს, მისი კომპანიის მიმართ გამოთქმილ ბრალდებებს პასუხობს.

სოფრომაძის თქმით, მან გუშინ თავი შეიკავა კომენტარისაგან იმ მიზეზით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნას ელოდებოდა:

"მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფრესკოსთან მიმართებაში, მოკვლევის შედეგად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა. ყოველივე ამის პარალელურად, მე პირადად ვღებულობდი წინადადებებს ფრესკოს ქსელის გაყიდვის შესახებ. როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელია... ძალიან ბევრმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამუდამოდ ჩავიძირეთ და აჩვენა თავისი რეალური სახე.

რაც შეეხება მათ, ვინც გვიყიჟინებდა, ვინც ჩემს, სულით ძლიერ თანამშრომლებს, მენეჯმენტს და გენერალურ დირექტორს დედას პირდაპირი გაგებით აგინებდა, ბოღმით იხრჩობოდა, შურით ხარობდა, ჩაძირვას გვიწინასწარმეტყველებდა და ბიოკოტს გვიცხადებდა - დორბლები მოიწმინდეთ, „პეროები“ გამოიღეთ, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქეთ და ... გპატიობთ".

ვასილ სოფრომაძის განცხადებით, გუშინ, 8 ოქტომბერს, ფრესკოს ყოფილი თანამშრომლების სახელით გავრცელებული ბრალდებები ტყუილია, რაზეც მისივე შეფასებით, არასათანადოდ მოიქცა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი:

"გვერდზე გამოჩნდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსს კომენტარი, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა და დაძაბა სიტუაცია. ბატონი ჟორჟოლიანის ქმედება ცალკე განსჯის თემაა, ვინაიდან მას, როგორც საჯარო მოხელეს, არ ჰქონდა ამის გაკეთების უფლება. ყოველივე ამას გამოეხმაურა თითქმის ყველა წამყვანი სატელევიზიო არხი და ჰოი საოცრებავ, მათ ვერ აღმოაჩინეს ათეულობით უკმაყოფილო „მონური შრომის“ მსხვერპლი ფრესკოს თანამშრომელი და ჩაწერეს ერთი გოგონა და ერთი ყმაწვილი, რომლებიც არ არიან ფრესკოს თანამშრომლები. გოგონა გაშვებულია ჩვენი კომპანიიდან ჩეკის არასწორად ამორტყმის გამო, რითაც აზარალა კომპანია. ხოლო, ყმაწვილმა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან იყო ფრესკოს თანამშრომელი, 2016 წლის 31 ოქტომბერს დატოვა ფრესკო და იმავე წლის 6 დეკემბერს მოგვმართა უკან დაბრუნების თხოვნით, რაც იმავე დღეს დაკმაყოფილდა. ტელევიზიებისთვის ინტერვიუს მიცემისას, ის ისევ აღარ იყო ჩვენი თანამშრომელი და რა თქმა უნდა, ამ სამარცხვინო ცილისწამების შემდეგ ვეღარ დაბრუნდება კომპანიაში".

დაახლოებით, ერთი საათის წინ, ვასილ სოფრომაძის ყალბი პირადი ფეისბუქ გვერდიდან გავრცელდა განცხადება. სოფრომაძის თქმით, აღნიშნული განცხადება მას არ ეკუთვნოდა. ყალბი განცხადება, რომელიც On.ge-ზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გადაუმოწმებლად იყო გამოქვეყნებული, ვებგვერდიდან წაშლილია. On.ge ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო.