მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ამერიკულმა სტრიმინგ სერვისმა ნეტფლიქსმა დააანონსა, რომ ტერმინატორის ანიმე სერიალზე იწყებს მუშაობას.

მომავალი პროექტი ჯერ მხოლოდ წარმოების წინა ეტაპზეა და კონკრეტული დეტალები უცნობია: არ ვიცით, მისი სიუჟეტი უკვე ნაცნობი ისტორიის ანიმაციურ ვერსიას შემოგვთავაზებს თუ სულ სხვა სცენარს უნდა ველოდოთ.

"ტერმინატორი ყველა დროის ერთ-ერთი საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმების სერიაა და ახალი ანიმაციური სერიალი ამ სამყაროს კიდევ უფრო გააფართოებს. ერთი სული გვაქვს, ფანები როდის იხილავენ ადამიანებსა და რობოტებს შორის დაპირისპირების ამ ახალ შთამბეჭდავ ვერსიას", — აცხადებს იაპონიაში ნეტფლიქსის ფილიალის პრეზიდენტი, ჯონ დერდერიანი.

ნეტფლიქსი მომავალ პროექტზე კომპანია Skydance-თან ერთად მუშაობას, რომელიც ტერმინატორის ბოლო ორი ფილმის მწარმოებელია. ახალი ანიმაციის მთავარი პროდიუსერი და შემოქმედი მეტსონ ტომლინი იქნება, რომელმაც მეთ რივზის ასევე სამომავლო, თუმცა უკვე გახმაურებული კინოსურათის ბეტმენი სცენარზე იმუშავა.

ტერმანატორის ფრენჩაიზი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია: ექვსი ფილმით და ორმილიარდიანი შემოსავლებით დღემდე უამრავი მაყურებლის საყვარელი სანახაობაა. ჯერჯერობით ბოლო ფილმი Terminator: Dark Fate 2019 წელს გამოვიდა.

ნეტფლიქსის მომავალი პროექტი ამ სამყაროს პირველი ანიმაციური ვერსია იქნება.