გარდაცვალების შემდეგ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჩედვიკ ბოუზმენმა ოქროს გლობუსის პირველი ნომინაცია მიიღო და სულ ცოტა ხანის წინ პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

ფილმში Ma Rainey’s Black Bottom შესრულებული როლისთვის ჩედვიკ ბოუზმენი წლის საუკეთესო მსახიობ კაცად დასახელდა. მან ისეთ ნომინანტებს აჯობა, როგორებიც გარი ოლდმანი (Mank), ენტონი ჰოპკინსი (The Father) და რიზ აჰმედი (Sound of Metal) არიან.

დაჯილდოებაზე დისტანციურად სამადლობელო სიტყვა მსახიობის ცოლმა, ტეილორ საიმონ ლედუარდმა წარმოთქვა და ეს მომენტი წლევანდელი დაჯილდოების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი აღმოჩნდა:

"ის ღმერთის მადლიერი იქნებოდა. მშობლებს, თავის წინაპრებს გადაუხდიდა მადლობას მეგზურობისა და გაღებული მსხვერპლისთვის.

ის რაღაც მშვენიერს, რამე შთამაგონებელს იტყოდა, რაღაც ისეთს, რომ შემდეგ ეს სიტყვები ჩვენში შემოაღწევდა, საკუთარი თავის რწმენას გაგვიმტკიცებდა და დაგვაჯერებდა: წინ სვლა უნდა გააგრძელო, რადგან ახლა სწორედ ამის გაკეთებაა შენგან საჭირო.

მე არ მაქვს მისი სიტყვები, მაგრამ ეს შესაძლებლობა ყველამ მათ დასაფასებლად უნდა გამოვიყენოთ, ვინც გვიყვარს. მადლობა უცხოური პრესის ასოციაციას, რომ სწორედ ამის საშუალება მომცა. და ძვირფასო, არ გაჩერდე", — თქვა ბოუზმენის ცოლმა დისტანციური ჩართვისას.

ჩედვიკ ბოუზმენი 2020 წლის 28 აგვისტოს კიბოს დიაგნოზით 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობს მაყურებლები ყველაზე კარგად მარველის კომიქსების ეკრანიზაციაში შავი პანტერას როლით იცნობენ.