საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, ვაქცინის ჩამოტანისთვის მხოლოდ ელჩების ჩართულობა საკმარისი არაა და მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა თვითონ უნდა იმუშაონ. ამის შესახებ მან გამოცემა BM.ge-ს განუცხადა.

"ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ, ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არამარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა. ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა Pfizer-ის ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს, მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არამგონია რომ მხოლოდ მსგავსი გზით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა", — აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. ჯანდაცვის სამინისტროში კი ჯერ ისევ ვერ ამბობენ როდის მივიღებთ მას. პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოსულიყო Pfizer-ია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზა შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.

ვაქცინის კომერციულ შემოტანაზე საუბრობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. მისი თქმით, სახელმწიფოს პარალელურად, წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად ნებადართული უნდა იყოს კომერციული ვაქცინის შემოტანა, რაც ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და ეკონომიკასაც უფრო სწრაფად აამუშავებს.

გაიგეთ მეტი: