საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შალრ მიშელთან, რომელიც 28 თებერვალს ჩამოფრინა, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და პანდემიაზე ესაუბრა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის", — აღნიშნავენ სამინისტროში.

პირველი მარტიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამუშაო შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პარტიის წევრებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელის პატივსაცემად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით მოეწყობა სადილი. ამასთან, იგი საოკუპაციო ხაზთანაც მივა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოდის. თითქმის ერთი კვირის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.

24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.

როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებდნენ მიშელს, ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.