აშშ-ში კალიფორნიელი ქირურგი ოპერაციის დროს სასამართლო პროცესზე Zoom-ით ჩაერთო. სასამართლოში საგზაო მოძრაობის წესების საქმეს განიხილავდნენ. BBC-ის ინფორმაციით, ექიმ სკოტ გრინს ამ დროს საოპერაციო ხალათი ეცვა.

ქალაქ საკრამენტოს უზენაესი სასამართლოს სხდომის დაწყების წინ, რომელიც პირადაპირ ეთერში YouTube-ზე გადაიცემოდა, მდივანმა ქირურგს ჰკითხა: "გამარჯობა, ბატონო გრინ? მზად ხართ, სასამართლოს წინაშე წარდგეთ? როგორც ჩანს საოპერაციოში იმყოფებით".

მას შემდეგ რაც ქირურგმა დაადასტურა, რომ ოპერაციას ატარებდა, მივანმა შეახსენა, რომ პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რადგან კანონით, მსგავსი საქმეები საჯარო უნდა იყოს. ამასთან, სანამ Zoom-ში მოსამართლის შესვლას ელოდა, ქირურგი ოპერაციას განაგრძობდა.

"თუ არ ვცდები, ვხედავ ბრალდებულს, რომელიც საოპერაციოში იმყოფება და პაციენტს სამედიცინო მომსახურებას აქტიურად აწვდის [...] თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ პაციენტის კეთილდღეობის გამო", — განაცხადა მოსამართლემ. თუმცა ექიმმა გრინმა დასძინა, რომ საოპერაციოში მეორე ქირურგიცაა, რომელსაც საქმეს გადააბარებს.

თუმცა მოსამართლემ ექიმის განმარტება არ მიიღო და მოსმენის ახალი თარიღი დანიშნა. კალიფორნიის სამედიცინო საბჭომ კი აღნიშნა, რომ შეისწავლის ინციდენტს და დაამატა, რომ "პაციენტების მკურნალობის დროს ექიმებისგან სამედიცინო სტანდარტის დაცვას ელიან".

მოგვიანებით გრინმა NBC-ის განუცხადა, რომ ყველაფერი "ასე არ ყოფილა" და დასამატებელი არაფერი აქვს.