მიანმარში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს, რომლებიც სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოდიან. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე აქციის სამი მონაწილე დაიღუპა, ხოლო კიდევ რამდენიმე დაიჭრა.

შაბათ-კვირას საპროტესტო აქცია მიანმარის რამდენიმე ქალაქში გაიმართა, მათ შორის იანგონსა და მანდალაიში. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, იანგონში პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ცრემლსადენი გაზის მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა.

"პოლიციამ მაშინვე სროლა დაიწყო, როცა შევიკრიბეთ. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. რამდენიმე დაჭრილია, რამდენიმე მასწავლებელი კი გვერდით შენობებში იმალება", — ამბობს AFP-სთან დაწყებითი სკოლის პედაგოგი.

საპროტესტო აქციები პოლიციამ დაშალა შაბათსაც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 27 თებერვალს 70-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

ფოტო: AP

მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ თებერვალს სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა შინაპატიმრობაში მოაქციეს ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი და პრეზიდენტი ვინ მინი. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ერთი წლის ვადით მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ხოლო ზოგიერთ მსხვილ ქალაქში დამატებით კომენდანტის საათია დაწესებული.

სამხედრო მმართველობამ გაათავისუფლა გაეროში მიანმარის ელჩი, რადგან მან მოუწოდა დიპლომატებს ყველაფერი ქნან ხუნტის შესაჩერებლად.

სამხედრო რეჟიმი მიანმარს 1962-დან 2011 წლამდე მართავდა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ხუნტამ ძალაუფლება დათმო და მიანმარმა დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. თუმცა როცა გასული წლის არჩევნებზე აუნ სან სუ ჩის პარტიამ კვლავ უმრავლესობა მოიპოვა, სამხედროებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და გადატრიალება მოაწყვეს.