ქართული ოცნების დეპუტატ ანტონ ობოლაშვილის სახლში 23 თებერვალს წვეულება გაიმართა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველმა მთავარმა არხმა გაავრცელა და ეს დეპუტატმა On.ge-საც დაუდასტურა.

დაბადების დღის წვეულება ღამის საათებში გაიმართა, როცა გადაადგილებაზე შეზღუდვა უკვე მოქმედებდა. როგორც დეპუტატი ამტკიცებს, წვეულების მოწყობას არ აპირებდა:

"სტუმრები მოვიდნენ და დავხვდი. სტუმარი რომ სახლში მოგდის, იმას ხომ არ ჰკითხავ საშვი გაქვს თუ არა".

კითხვები გააჩინა ობოლაშვილის დაბადების თარიღმაც. ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ის 23 თებერვალსაა დაბადებული, თუმცა პარლამენტის ვებგვერდზე და ქონებრივ დეკლარაციაში 1-ლი მარტია აღნიშნული. ანტონ ობოლაშვილმა ორი თარიღი On.ge-სთან ტექნიკური მიზეზით ახსნა.

"მე ვარ დაბადებული 1974 წლის 23 თებერვალს. 38 წლის ვიყავი, როდესაც ბავშვს სჭირდებოდა საბუთი, საზაფხულო სკოლაში მიდიოდა და როცა საბუთი მოვიდა, იქ ამოვარდა, რომ მამა დაბადებულია პირველ მარტს. როგორც ჩანს, იმ დროს, სამშობიაროში როცა დავიბადე, პირველი საერთო ჩანაწერი გაკეთებული იყო პირველ მარტზე. თუმცა მთელი ეს 39 წელი ვიცხოვრე მე 23 თებერვლით.

რადგანაც პირველი მარტი ამოვარდა, როგორც პირველი საერთო ჩანაწერი, შეუძლებელი იყო, ის გაუქმებულიყო. ამიტომაც მოხდა მთელი ჩემი პასპორტისა და დოკუმენტების გადატანა პირველ მარტზე. დედაჩემისთვისაც ეს სიურპრიზი იყო. ყველა დაბადების დღეს აღვნიშნავ 23 თებერვალს", — განაცხადა დეპუტატმა.

მთავარი არხის კამერამ დააფიქსირა, რომ წვეულებაზე ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე იყვნენ. პარლამენტარი ამბობს, რომ ისინი მეგობრები არიან, შესაბამისად მასთან მივიდნენ.