განახლება: როგორ განმარტავს ქართული ოცნების დეპუტატი ღამის წვეულებას და დაბადების დღის ორ თარიღს

ტელეკომპანია მთავარი არხის ინფორმაციით, 23 თებერვალს ქართული ოცნების დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის სახლში ე.წ. კომენდანტის საათის დროს მმართველი გუნდის წევრები და მათი მეგობრები წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ობოლაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაბადების დღეა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ წვეულებაზე ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და დეპუტატი ირაკლი ხახუბია იყვნენ. როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს, სტუმრები დეპუტატ ობოლაშვილის სახლში საღამოს ცხრა საათის შემდეგაც მიდიოდნენ. მთავარი არხის ინფორმაციით, წვეულებაზე ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილიც იყო.

"მე მყავს სტუმრები, ეს არის ჩემი დაბადების დღე. თქვენ მოდიხართ და მეკითხებით აღნიშნავთ თუ არა მელიას დაპატიმრებასო. სრული აბსურდია, როგორ შეიძლება ამის თქმა. არავის არ გაუხარდება არავის დაკავება და დაჭერა", — უთხრა ანტონ ობოლაშვილმა მის სახლთან მისულ გადამღებ ჯგუფს.

ამასთან, სახლის დატოვებისას დააფიქსირეს კახა კალაძე, რომელმაც პარლამენტარს დაბადების დღე მიულოცა.

ფორმულას ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში ობოლაშვილის პასპორტის ფოტო გაავრცელა, სადაც აღნიშნულა, რომ მისი დაბადების დღე 23 თებერვალსაა. თუმცაღა პარლამენტის ვებგვერდსა და ქონებრივ დეკლარაციაში დაბადების თარიღად პირველი მარტია მითითებული. ამასთან, პირველი მარტია აღნიშნული ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

On.ge-მ სცადა ანტონ ობოლაშვილთან დარეკვა, რათა გაგვერკვია როდისაა მისი დაბადების დღე და როგორ შეიკრიბნენ მის სახლში სტუმრები, როცა პანდემიის გამო მთავრობას ხალხმრავალი შეკრებები შეზღუდული აქვს, ხოლო გარკვეულ საათებში გადაადგილება საერთოდ აკრძალულია. დეპუტატის ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა.

გარდა ამისა, On.ge-მ ვითარებაში გარკვევა სცადა დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან. ზარზე მისმა თანაშემწემ გვიპასუხა და მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში დეპუტატი კითხვებზე გვიპასუხებს.