დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინების განაწილებაში ძალიან დიდი უსამართლობაა. მისი თქმით, კონკურენცია დიდია და "ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია". მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000-მდე ადამიანი ავცრათ, ხოლო ივნისიდან ქვეყანაში დაიწყოს მასობრივი აცრები. იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1 700 000 მოზრდილი ადამიანის აცრა ორჯერადად. 200 000 ადამიანს ნამდვილად ავცრით მაისის ბოლომდე.

ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, რადგან დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე, ეს იყო მიუნხენის კონფერენცია, თუ დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ყველგან გამახვილდა ყურადღება, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილებაში უსამართლობაა. ყველა მოუწოდებს, რომ როგორმე ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ანუ მდიდარმა ქვეყნებმა გადანაწილების მექანიზმი სწრაფად უნდა ამუშაონ, არ დაიცადონ, ვიდრე თავის მოქალაქეებს არ აცრიან და შემდგომ გადაანაწილებენ ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, რადგან ამ მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად", — თქვა მან.

საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. ჯანდაცვის სამინისტროში კი ჯერ ისევ ვერ ამბობენ როდის მივიღებთ მას. პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოსულიყო Pfizer-ია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზა შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.

გაიგეთ მეტი: