მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მედიაგარემოს მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მანიფესტით მიმართავენ

მანიფესტი, რომელსაც On.ge-ც უერთდება, ეხება მედიის მუშაობას იმ პირობებში, როცა მმართველი პარტია აგრესიითა და ბოიკოტით პასუხობს კრიტიკული მედიის კითხვებს. ხელმომწერები ფიქრობენ, რომ პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმებს.

ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს პოლიტიზებაზეც და მისი მხრიდან ცენზურის დაწესების მცდელობებზე.

"2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს", — ვკითხულობთ მანიფესტში.

On.ge-ს მთავარი რედქტორი, ხატია ღოღობერიძე ფორმულას ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებას არ აქვს სათანადო რეაგირება ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზე.

"პირველ რიგში, On.ge-ს სოლიდარობა და მხარდაჭერა ვახო სანაიას და მეორე, როდესაც დეპუტატები პარლამენტში კრიტიკული კითხვის პასუხად გასცემენ აგრესიას, შედეგად დგება ამგვარი ფაქტები.

კიდევ ერთი, აუციებლად უნდა ითქვას, რომ ეს დაუსჯელობის სინდრომი იწვევს, მაგალითად, როცა ვაშუქებთ ძალადობრივ, ჰომოფობიურ აქციებს. იციან, რომ როდესაც მედიისკენ გაიწევიან, არ დაისჯებიან. შესაბამისად, ყოველდღიურად ვიღებთ ხელის შეშლას", — აცხადებს ხატია ღოღობერიძე.

ხატია ღოღობერიძე იხსენებს პოლიციის მხრიდან უშუალოდ მის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს და აცხადებს, რომ ჟურნალისტები ამას არ უნდა შეეგუონ და ეს არ უნდა იქცეს ნორმად.

"ერთი შემთხვევა პირადად მე შემემთხვა: ეს იყო პოლიციის მხრიდან ხელის შეშლა, როცა აქციას ვაშუქებდი და პოლიციამ, იმის ნაცვლად, რომ დამხმარებოდა, შემიშალა ხელი. არ მინდა, რომ ეს მივიღოთ ნორმად. მე მივმართე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინდა ყველას ვთხოვო, ამას არ შევეგუოთ რომ როდესაც ხელს გვიშლიან მუშაობაში. ვთქვათ, რომ ხელს გვიშლიან და პოლიციის ვალდებულებაა, რომ ამ შემთხვევაში დაგვიცვას, როგორც მოქალაქეები და ჟურნალისტები", — ამბობს ხატია ღოღობერიძე.

ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს შემდეგი მოთხოვნებით მიმართავენ:

  • უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება;
  • შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი;
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.

თუ ეთანხმებით მოწოდებებს, შეგიძლიათ შეუერთდეთ მანიფესტის ხელმომწერებს ამ ბმულზე.

ფორმულას ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.