პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო კარვების გაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო ეცდება გამოხატვის თავისუფლება დაიცვას.

"არსებობს კანონი, არსებობს რეალობა, რასაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები ჰქვია. თუმც უშველებელი რაოდენობა ადამიანებისა გამოხატავს თავის უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც შეიძლება კარვების აი ამ რაოდენობით გაშლამ გამოიწვიოს, მაგრამ, სახელმწიფო ეცდება, რომ გამოხატვის უფლება იყოს დაცული. ასევე, იყოს დაცული უსაფრთხოება იმ ადამიანებისა, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც ამათ მიმართა აგრესიულად არის განწყობილი", — განაცხადა გია ვოსლკიმ.

26 თებერვლის საპროტესტო აქციაზე პარლამენტის წინ 10-ზე მეტი კარავი გაიშალა. აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს გზის სავალ ნაწილზეც, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გააფრთხილა რომ გზის გადაკეტვის უფლება არ ჰქონდათ, მათ კარავი ტროტუარზე გადაიტანეს. ამავე დღეს, ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროტესტის ისეთ ფორმებს, რამაც შესაძლოა ქვეყნის პოლარიზება გამოიწვიოს.