სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა ჟურნალისტები "სატანის მიკროფონებად" მოიხსენია. 25 თებერვლის ქადაგებისა, მან რამდენიმე ტელევიზია — მთავარი არხი, TV პირველი და ფორმულა, პატრიარქის "აუგად ხსენებაში" და ეკლესიის ლანძღვაში დაადანაშაულა.

"საქართველოზე არის შემოტევა საშინელი, ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება: ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს აუგად იხსენებენ. კაცმა, რომელმაც ქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა ღვთის მადლით და ეს ტელევიზიები ... რომელია? მთავარი არხი რომ ჰქვია, TV პირველი და ფორმულა და კიდევ ზოგიერთები. ეს არის სატანის მიკროფონი. ამიტომ, ვევედროთ დედა ღვთისმშობელს და უფალს, რომ მოიქცნენ ისინიც, მოტრიალდნენ. ღმერთმა მადლი მისცეთ ძალიან დიდი და სინანული მისცეთ ძალიან დიდი", — განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონის ქადაგებები აქამდეც გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. მაგალითად, 27 იანვრის ქადაგებისას იგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაესხა თავს და ანტიდასავლური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური განცხადებებ გააკეთა.

სხალთელი მთავარეპისკოპოსი ცნობილია ანტითურქული და პრორუსული განწყობებით. მან ქადაგებისას არაერთხელ გააკრიტიკა ქართველები, რომლებსაც რუსეთი არ მოსწონთ. სპირიდონი ამბობდა, რომ ქართველს ვერ უწოდებს იმას, ვინც რუსეთს აკრიტიკებს და ამით მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებას უშლის ხელს. 2019 წელს მან, როგორც საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მემორანდუმი გააფორმა რუსულ დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან.