ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო, საუდის არაბეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ Reurets ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-მა საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს დაუწესა სავიზო შეზღუდვები. ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომლის სამიზნედ განსაზღვრულია საკუთარ საზღვრებს მიღმა ჟურნალისტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ მოქმედი ქვეყნები. რომლებიც, მათ შორის, ავიწროვებენ, აშინებენ ან უთვალთვალებენ მათ. გამოცემის ინფორმაციით, ეს შეზღუდვა, ასევე, გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც.

ჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ანგარიშიც გამოაქვეყნა. იქ საუბარია იმაზე, რომ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის პრინცის მოჰამედ ბილ სალმანის თანხმობით დაიგეგმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ათობით მოქალაქეს, თუმცა არა თავად პრინცს.

გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დამატებით ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ მოხსენებაში საუდის არაბეთისა და სხვა იმ ქვეყნების პროგრამების დოკუმენტირებას დაიწყებს, რომლებიც აკონტროლებენ ან აშინებენ ჟურნალისტებსა და დისიდენტებს.

2019 წლის დეკემბერში საუდის არაბეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის ხუთ კაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ხოლო სამს პატიმრობა მიუსაჯა. ხაშოგი საუდის არაბეთის მთავრობისა და პრინცის მიმართ კრიტიკულ სტატიებს წერდა ვაშინგტონ პოსტისთვის. ამერიკის დაზვერვის სამსახურები ამბობდნენ, რომ მკვლელობის შემკვეთი საუდის არაბეთის პრინცი იყო.

როგორ მოკლეს ხაშოგი

ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. გასული წლის 2 ოქტომბერს ის თურქეთში, საკუთარი ქვეყნის საკონსულოში შევიდა და გაუჩინარდა. მოგვიანებით, რამდენიმე ვერსიის შეცვლის შემდეგ, საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ ის საელჩოში მოკლეს. ადგილზე არსებული ხმოვანი ჩანაწერის მიხედვით, ხაშოგი სასტიკად მოკლეს.

59 წლის ჟურნალისტი საკონსულოში საბუთების მისაღებად მივიდა, რომ თავის საცოლეზე დაქორწინებულიყო. საუდის არაბეთის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, მკვლელობის შემსრულებლებმა ბრძანების მიღების შემდეგ ის დააკავეს და დიდი დოზით ნარკოტიკი გაუკეთეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მკვლელობა საკონსულოში მოხდა. სიკვდილის შემდეგ მისი სხეული დაანაწევრეს და შენობის გარეთ სხვადასხვა ადამიანებთან გადაანაწილეს. სხეულის ნაწილები არასდროს უპოვიათ.

გამოძიების პარალელურად, საუდის არაბეთში ჯამში 18 ადამიანი დააპატიმრეს, მათგან ხუთი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელია. მათ შორის არიან დაზვერვის უფროსის მოადგილე და პრინცის უფროსი თანაშემწე.