საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან შეზღუდვები შემსუბუქება დაიწყო. განახლდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.

25 თებერვლიდან დაიწყო ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, ხოლო 26 თებერვლიდან გაიხსნა სალაროებიც. მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობა კი მატარებლებმა დღეიდან, 27 თებერვლიდან დაიწყეს.

საქართველოს რკინიგზამ უკვე გამოაქვეყნა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მგზავრებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. რეგულაციების თანახმად:

  • გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს. მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
  • პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

მოძრაობა აღდგა შემდეგი მიმართულებებით:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი;
  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
  • თბილისი-ფოთი-თბილისი;
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

დღეიდან მუშაობა შაბათ-კვირას მუნიციპალურმა ტრანსპორტმაც განაახლა. შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება მომდევნო დღეებშიც. მაგალითად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან მუშაობას აღადგენენ კერძო და საჯარო ბაღები; ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ; განახლდება კონფერენციები და ტრენინგები; უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ; ასევე, მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

გარდა ამისა, 1-ლი მარტიდან დამატებით 6 ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეძლებს. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი.

ასევე, 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე საბაგიროები, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირასაც განაახლებენ. რაც შეეხება რესტორნებს, შიდა სივრცეებში მუშაობას ისინიც 8 მარტიდან შეძლებენ.

15 მარტიდან კი გაიხსნება სპორტული დარბაზები, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება, ამასთან, განახლდება სასკოლო წრეები და ბოლოს, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშს აღადგენენ.

პირველი აპრილიდან თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები საქმიანობას სრულად აღადგენენ (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით).

შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების მიუხედავად, ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.